დაბრუნება ფესვებთან, ანუ ზეზვა, მზია და მეგრული ოჯალეში

Tags

, , , ,

ერთი კაცია – მორგოშია გვარად. სახელი არ მახსოვს. იმ წელს, მე რომ ჩამიყვანა ზეზვამ მარტვილში (თაფლობისთვე გვქონდა), ისეთი ღირსეული მასპინძლობა გამიწია მარტვილის უახლოეს და უშორეს ისტორიაში, რომ სანახევროდ ვინანე, სამეგრელოდან, უფრო სწორედ, მარტვილიდან რომ არ მყავდა წინაპრები. ერთი იმით მოვიწონე თავი, რომ დედაჩემის ლექტორი მიხეილ კვესელავა იყო. სასაცილოა, ჰო?

4291528938_e92bbbbe3d_zჩვენი სახლი… არა, ჩვენი სახლი ცალკე თემაა და ჯობს, რომ ქალაქით დავიწყო. დიდი ისტორიის მქონე ადგილებში ახლა ერთი პატარა ქალაქია, მარტვილი, რომელსაც საქართველოში იცნობენ, უფრო მეტად, როგორც ჭყონდიდის ეპარქიის ცენტრს. მისი ისტორიიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, აქ გაშენდებოდა ძალიან ლამაზი ევროპული ტიპის პატარა ქალაქი, რასაც რელიგიური და საგანმანათლებლო დატვირთვა ექნებოდა. პირველად აქ რომ მოვხვდი, 2007 წელს, მარიამობა იყო, ქალაქის განაპირას, გორაკიდან, სადაც ძველი და სახელოვანი კულტურული ძეგლი, მარტვილის ტაძარი მდებარეობს, გაისმოდა ცისკრის აღსავლები  და გამახსენდა პოლონეთის ერთი პატარა რელიგიური ქალაქი,000477-000530 ჩესტაკოვო, სადაც სწორედ ასე, ქალაქის განაპირას, ამაღლებულ ”იასნა გორაზე” ტაძარში ქრისტიანული სამყაროს უდიდესი სიწმინდე, ე.წ. ”შავი ღვთისმშობლის” ხატია დაბრძანებული. შეიძლება, ითქვას, ეს პილიგრიმების ქალაქია – განუწყვეტლივ მოძრაობენ სხვადასხვა მომლოცველთა ჯგუფები და მთელ  ქალაქში ურბანული გნიასის ნაცვლად ეკლესიის გუნდის მშვიდი და მომნუსხველი გალობა განიფინება. ასეთი მესახება, რომ მომავალში იყოს მარტვილი, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი, რამდენიმე მეგობარ ოჯახთან ერთად, მოვუვლიდი ვენახს, დავწურავდი ღვთიურ სითხეს და შვილებთან ერთად მეგრული ენისა და ადათების საშუალებით ჩვენი უძველესი კულტურის სიღრმეებს ჩავწვდებოდი.

martმოგახსენეთ, რომ მოგიყვებით ჩვენს მეგრულ ოდაზეც. მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში აშენდა ეს სახლი და მალე ასწლოვანი იქნება. როცა ლაპარაკი მიდის ჩვენს ეზოში საოჯახო სასტუმროს აშენების შესახებ, მე და მზიას განზრახული გვაქვს, ამ სახლში მოვაწყოთ სასტუმრო, სტუმრებს მოვუმზადოთ აქაური წესით მომზადებული ღომი ტაბაკზე და ფაცხაში დავაგემოვნებინოთ მეგრულ კერძებთან და ძვირფას ოჯალეშთან ერთად. უცხოელ ტურისტებს ეს უფრო მოსწონთ, აქაურებისგან განსხვავებით, რომლებიც Elvis-სა და McDonalds’-ში ხარჯავენ შემოსავლის დიდ ნაწილს. ჰოდა, რა არის იმაზე სასიამოვნო, ვიდრე შენი კულტურა – უძველესი და საინტერესო, არომატული და ჰარმონიული გონივრულად წარუდგინო სტუმარს. მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერჯერობით, ერთი მხრივ, მარტვილის პილიგრიმულ ქალაქად ქცევას, მეორე მხრივ კი, ჩვენი მეურნეობის აწყობას რიგი მიზეზები ეღობება წინ. გვინდა, მალე ვნახოთ საქართველოს ყველა რეგიონული ცენტრი თუ პერიფერიული ქალაქი არა რომელიმე ევროპული ქალაქის ასლი, არა ფალსიფიცირებული ჰაბიტუსით, არამედ, თუნდაც, სხვა ქალაქის კონცეპციისა და გამოცდილების გაზიარებით და ადგილობრივი ხასიათის სიცოცხლისუნარიანობის წარმოჩენით. ადგილობრივი კულტურის ჯეროვნად შეფასებით და მისი უნიკალურობის შეგრძნებით.  

ოჯახში ასეთი დიქოტომია გვაქვს, რასაც ფილოსოფოსები ხშირად უპირისპირებენ ხოლმე ერთმანეთს – მზია ლიტერატურის სპეციალისტია, მე – ბუნების. ლიტერატურა, კულტურა ადამიანის შექმნილია, ბუნება – შემოქმედის. ამიტომ ამ ბრძოლაში გამარჯვებული ყოველთვის მე გამოვდივარ. თუმცა, ჩვენ ერთი გვაქვს მიზანი – შევქმნათ ეკოლოგიური გარემო, თუ გნებავთ, ქვეყანა, სადაც, გადავარჩენთ ლანდშაფტურ, ეთნოგრაფიულ, ფოლკლორულ, ფლორისა და ფაუნის, მრავალფეროვნებას, აზრის პლურალიზმს, ხასიათების თვითმყოფადობას. ჩვენი პატარა ქვეყნის ყველაზე დიდი სილამაზე ხომ განსხვავებულთა ამ საინტერესო თანაარსებობაშია. 

1016661_154909128026587_1974190766_nქართული ხასიათების, ბუნების, წეს-ჩვეულებების ძიებამ, ისე, როგორც რუსთაველი ამბობს, ”ვაჰ, სოფელო, რაშიგან ხარ… სად წაიყვან სადაურსა” (ოღონდ, ყველაზე საუკეთესო მნიშვნელობით) ამ რამდენიმე ხნის წინ გადაგვისროლა ”ღვინის კლუბში”.  როგორი მნიშვნელოვანია, გვერდით გყავდეს მეგობრები, ვინც საპასუხისმგებლო მიზნის მიღწევისას არ დაგტოვებს, გაიზიარებს შენს შეცდომებს და არ გაგრძნობინებს ახალბედას გამოუცდელობას, კეთილ რჩევას არ დაგამადლებს და შენი ბედნიერებით იხარებს, მოკლედ, შენს ჯაჭვში ჩადგება ისეთ საპასუხისმგებლო მწვერვალზე სვლისას, როგორიც არის წინაპართა საქმის გაგრძელება. ამ ერთ წელიწადში იმდენი რამ ვისწავლეთ ამ ურთიერთობებით, სილაღით, გამოცდილ ადამიანებთან გახსნილი ურთიერთობებით, რომ გავრისკეთ და გავიარეთ ის ნაპრალი, რასაც ჰქვია ბაბუაჩემის ვენახებში მოწევნილი მოსავლით მეგრული ოჯალეშის დაყენება. 

მეგრული მშრალი (!) წესით დაყენებული ოჯალეში! ეს უკვე აღარაა ხუმრობა!

Mingrelians_(B)სულ რამდენიმე ხნის წინ მეგობართან რამდენიმე ღვინო დავაგემოვნეთ. მზია აღფრთოვანდა ქინძმარაულით და ხვანჭკარათი, რომელიც მე ძალიან ტკბილი მომეჩვენა და მაშინვე გავიფიქრე, რომ ქალები ტკბილ ღვინოებს ეტანებიან. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ახლაც ასეა. ახალი ღვინის ფესტივალზე ამჯერად მზია ქისის და ხიხვის – ქვევრის ღვინოებით ეძლევა აღფრთოვანებას. თავიდან ბევრს ჩიოდა, როცა არომატების ამოცნობას ვერ ახერხებდა, ვერ პოულობდა სიტყვებს, ვერ აღწერდა ემოციებს. ახლა კი მის სიხარულს საზღვარი არ აქვს, როცა  რომელიმე კონკრეტული კენკროვანი ჯიშის არომატს გამოიჭერს ჭურშელში და იმდენ ხანს ატრიალებს ჭიქის ღერძს, როგორც ბრუნო უკირკიტებდა დედამიწის ღერძს  ფიქრებითა და ჰიპოთეზებით. საბოლოოდ, კაცმა რომ თქვას, ჭიქა ის ერთადერთი მაღალფეხიანი მოწყობილობაა, რომელზედაც ის არ ეჭვიანობს. 

ღვინო ხასიათია და მგონია, რომ ჩემი ცოლი, რომელიც პოლონელ რევოლუციონერ ქალს ჩამოჰგავს, ამიტომ ეტანება თავისნაირ პირდაპირ და უტეხ კახურ ცეცხლისფერ ღვინოებს. ხასიათი კი ის არის, რაც ჩვენ გვიყვარს ადამიანებში. შეიძლება, ითქვას, რომ სულია ხასიათი („ინდივიდუალურობა“ მეტისმეტად მეცნიერულ ტერმინად მეჩვენება). და სიცოცხლეც სწორედ ეს არის – ხასიათების შეგრძნების „მუღამი“ – როგორც ჩვენები ამბობენ. ის, თუ როგორ დააჯგუფებს ერთსა და იმავე ნოტებს სანოტო სისტემაზე ბახი და როსინი – ეს არის სული, ანდა, კვინტაში რომ გადაწყდება სეკუნდა – ესეც ხასიათია. განსაკუთრებით მომხიბლველია კონტრასტული ხასიათების თანაარსებობა, ქართული ხასიათისთვის განსაკუთრებული თვისებაა სინაზის, გულჩვილობისა და სიმამაცის თანაარსებობა, რაც უდავოდ გახსენებს თავს იმ ღვინოებითაც, ენას რომ დაგიტრიალებს პირში სამართებელივით და თაფლივით მოთვინიერებული დაბოლოებით მოგნუსხავს. 

შემდეგ პოსტსაც ჩვენს ღვინოს მივუძღვნით. 1017271_154909511359882_1938669298_n 

მანამდე კი გამახსენდა ერთი უხერხული ამბავი, საუხერხულო აქ არაფერია, უცნაური – უფრო. თაფლობისთვე რომ გვქონდა, მარტვილში რომ ჩავედით. სასაფლაოზე წავედით. მე და ჩემი დედამთილი მივდიოდით და მიყვებოდა, აქ ეს არის დამარხული, აქ – ესო. ყველანი გამაცნო – ჩვენიანებიც და სხვისებიც. ზოგი მანქანაზე დამარცხებულიყო, ზოგი – სტიქიასთან ბრძოლაში. ისეთი ცოცხალი იყო მისი მონათხრობები, გასაუბრება მიცვალებულებთან, მივხვდი, მკვდრებთან ურთიერთობას აქ თავისი ეტიკეტი და ადგილი აქვს და სამარეც, ალბათ, არც ისე ცივია, როცა შენი შვილთაშვილი შენს ვენახში დაწურულ ღვინოს წამოგიქცევს. ბანალური იქნება, რომ ვთქვა, ჩვენი წინაპრები ცოცხლობენ მანამ, სანამ ცოცხლობენ ჩვენს მეხსიერებაში, ამიტომ, ჯობს, ასე გამოვთქვამ  – უნდა ჭვრეტდე და გიყვარდეს ის, რაშიც ცხოვრობ.

 ეს არის ჩვენი ფილოსოფია.

315942_140088096175357_1825623505_n

წმინდა ფლეიტა

Tags

, , , , , ,

ImageCasta Diva, che inargenti

queste sacre antiche piante,
a noi volgi il bel sembiante
senza nube e senza vel…
Tempra, o Diva,
tempra tu de’ cori ardenti
tempra ancora lo zelo audace,
spargi in terra quella pace
che regnar tu fai nel ciel…

 

Pure Goddess, whose silver covers
These sacred ancient plants,
we turn to your lovely face
unclouded and without veil…
Temper, oh Goddess,
the hardening of you ardent spirits
temper your bold zeal,
Scatter peace across the earth
Thou make reign in the sky…

„მოდი, გაზაფხულო!

მომენატრა სიმწვანე, სინათლე…

მალე მოდი, გაზაფხულო!“

მარტის მიწურულს, ნაშუადღევს, დიდმარხვის კაეშანით მიყუჩებულები მე და ზეზვა ვსხედვართ ჩვენს ძალიან ვიწრო სამზარეულოში და შევცქერით, როგორ ჩამოდის ნიაღვარი თბილისის ერთი გარეუბნის ყველაზე ჩვეულებრივ ქუჩაზე.

„სანამ წვიმა გადივლიდეს, გზები გამშრალდებოდეს“, გავაცოცხლებთ ჩვენს ყველაზე მზიან და გაუხუნარ მოგონებებს. ასეთ დროს ყოველთვის მახსენდება – ფანჯარასთან აბუზული, გაზაფხულის მომლოდინე მარიტა და ამეკვიატება ხოლმე: „მალე მოდი, გაზაფხულო“.

კიდევ მახსენდება გალაკტიონის „სანამ წვიმა გადივლიდეს“ და ამავე სახელწოდების ქართული ფილმი მედეა ჯაფარიძეზე, მეოცნებე და სანდომიან ქალბატონზე, მახსენდება ეთერ თათარაიძის „ღურბლებ დალაწლაწებენ“ და არ მეუცნაურება, რომ ეს ყველანი მახსენდებიან, რადგან მე და ზეზვამ თავიდანვე გადავწყვიტეთ, ამ პოსტით მეოცნებე და პოეტი ქალები და მათი მუსიკის რითმები გავიხსენოთ.

„ღურბლებ დალაწლაწებენ

მშერა სვავ–ყვავთ ფერაებ

ხან ფერმირღვენ პირწითლებ,

ხან – თმა–ფაფარ–ქერაებ.

დადენისგნივ მოცლილებს

სტკივის ფეხის ცერაებ.“

ზეპირად მახსოვს, გადამოწმება რად უნდა, ეს იმ ტექსტების რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ზეპირსიტყვიერი კულტურის არხში ვრცელდება და ლიტერატურულ ეტიკეტს არ უმორჩილებს საკუთარი განვითარების კონონზომიერებებს.

პოეტი ქალის, ეთერ თათარაიძის ეს უზუსტესი ლექსი ერთხელ მზიამ გაიხსენა, როცა დათვიჯვრის უღელტეხილი გადავიარეთ და  წამოიშალნენ ცნობიერების სიღრმეებში მიყუჩებული დარდები და ხეობების რუხ ნისლებთან ერთად შეეპარნენ მიღმახევის მიგრაგნილ სერპანტინებს. დათვიჯვარს რომ გადავალთ, ცხადად ვგრძნობთ, როგორ ცოცხლდება ეს ენა ჩვენში იმიტომაც, რომ მთა ჩვენთვის ფანდურისა და ხმალ–ხანჯლის ეგზოტიკური ჩხრიალი არ არის, არამედ ის ენაა, გველის მჭამელმა რომ შეიცნო და უმალ დაივიწყა. ის მუსიკაა, ორფეოსი რომ ჰადესში მღეროდა.

მიარღვევ მიღმახევს და იმგვარი მეტაფორები ცოცხლდება შენში, ვაჟა–ფშაველასთან რომ ამოგიკითხავს. თითქოს, მის გენიალურობაში ეჭვიც კი შეგაქვს, რადგან გგონია, აქაურობა შენც მჭვრეტელად გაქცევს, ხელ–ფეხს გაგიხსნის, ქრისტესთან და ქრისტეში მიხვიდე, როგორც ბავშვი. ამიტომ არის აქ ყველა მუსიკოსი და პოეტი.

ბოლოს რომ გადავიარეთ დათვიჯვარი, „ღურბლებ დალაწლაწებენ“ –  ეს პოეტური ფრაზა მაშინაც გამახსენდა, მაგრამ სულ სხვა ემოციური მნიშვნელობა შეიძინა, ჯანღმა მოიცვა ბეჭებგაბზარული მიღმახევი. მას შემდეგ, რაც დიდი თუ პატარა, ქალი და კაცი ჭიანჭველასავით მიეზიდებოდა მუცოსკენ თავის წილ ადამიანთა სევდას, არ ვიყავით ნამყოფი ხევსურეთში. მაშინ 25 ივლისი იყო და ჩვენი ქორწილის დღე. ახლა არღუნს ვეღარ ჩახედავ, თუ თვალის გასწორება არ შეგიძლია, იმიტომ, რომ ის უმანკო  ქალწულების ხმით მღერის და შემაძრწუნებლად გამჭვირვალეა ეს მღერა.

48c042b3cebdმზიამ ამ ერთი თვის წინ აღათოს ამბავი წაიკითხა და მეც მიამბო. დამაინტერესა და გავეცანი გამოცემას, რომელიც ეთერ თათარაიძემ და ამირან არაბულმა შეადგინეს. წიგნი თუში ქალის, აღათოს ტრაგიკულ ამბავს გაგვაცნობს. აღათო ნაწილიანი ყოფილა და ამიტომ გასწირეს წუთისოფლის შვილებმა. ყველაზე უმწიკვლოსა და დარდიან–ჯანღიანს უმსგავსო საქციელში დასდეს ბრალი ახლო ნათესავებმა. ვაჟა–ფშაველა ცოცხალი რომ ყოფილიყო, აუცილებლად დაწერდა პოემას აღათოზე, რომელიც ბერძნულად ღირსებას ნიშნავს. თუმცა, ვაჟას უკვე ბევრი დაეწერა მასზე მანამდე, რადგან უკვე შექმნილი ჰყავდა ლამაზი და თავგანწირული ქალები – ლელა ბაჩლელი, აღაზა – კაიყმათა დარი ქალები. ერთი კი დასანანია, რომ ვაჟა–ფშაველამ ვერ ნახა ყველაზე ამაღელვებელი სურათი – როგორ აცილებდნენ აღათოს საიქიოში თანატოლი ქალები და როგორ აბნევდნენ მის ლამაზ სხეულზე შავი მიწის ნაცვლად ციალა საყურეებსა და აჩხრიალებულ ყელსაბამებს. მწერალმა ნაირა გელაშვილმაც დაიტირა აღათო თავის რომანში „ამბრნი, უმბრნი და არაბნი“, მანაც ჩამოიხსნა ერთი სამკაული – მერციას ამბავი და გაატანა აღათოს ზესკნელის საუფლოში.

photo0n

პირველად 2001–ში ვიყავით ხევსურეთში –  აწუნთა ფეხით გადმოვიარეთ. მზია ცდილობდა, ადგილობრივი ადათების პატივისცემით შეენიღბა ის უკმაყოფილება და ბრაზი, რომელიც მასში გამოიწვია მთის ხალხის დამოკიდებულებამ ქალების მიმართ. ქალებს აქ უფრო გრძელი და მომქანცველი გზების გავლა უხდებათ, სალოცავ ხატში რომ მივიდნენ. მე–20 საუკუნეში ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო (და შეიძლება, ახლაც იყოს) ასეთი შეხედულება, რომ მელოგინე ქალი უწმინდურია. ამიტომ საქონლის სადგომში შეკეტილი ახალმორჩენილი დედებისთვის ჭიქა წყლის მიწოდება სოფლისთვის დასაძრახიც კი იყო.

ძნელია, ქალმა გადაიაროს ეს საცალფეხო გზები, რომელიც ძალიან მაგონებს აღმოსავლეთის მთიანეთის სიმღერების საკვანძო ინტერვალს – სეკუნდას – სიკვდილ–სიცოცხლის მიჯნათა სიახლოეს და თავგანწირულ და წინააღმდეგობრივ ნიშანს ამათი ქალების ხასიათისა.

Illustrations_inset_at_page_21_of_Indian_Fairy_Tales_(1892)ინდიელ ხალხთა ზღაპარი წმინდა ფლეიტაზე

მუნდურუკუს ტომის წმინდა ფლეიტები კაროკოს სახელწოდებით, ქალებისთვის ტაბუს წარმოადგენს, მაგრამ იყო დრო, როცა ისინი ფლობდნენ ფლეიტებს. სიმართლე რომ ითქვას, სწორედ ქალებმა იპოვეს ეს ფლეიტები.

იყო სამი ქალი – იანიონბორი, ტუემბირუ და პარავარო. ქალები ტყეში ფიჩხის შესაგროვებლად დადიოდნენ და საიდანღაც ხშირად ესმოდათ მუსიკის ხმა. ერთხელ ძალიან მოსწყურდათ და წყაროს საძებნელად გაეშურნენ. ეძებეს, ეძებეს და ტყეში კამკამა ტბას წააწყდნენ. ეს ტბა წინათ არასოდეს ენახათ. ახლა მას კაროკობოაპტის ეძახიან – „ადგილს, საიდანაც წამოიღეს კაროკო“.

ქალებს კიდევ შემოესმათ მუსიკა და მიხვდნენ, რომ ხმა ტბიდან მოდიოდა. მივიდნენ და წყალში თევზი ჯიჯუ ნახეს, მაგრამ მისი დაჭერა ვერ შეძლეს.

სოფელში რომ დაბრუნდნენ, ერთმა ქალმა მოიფიქრა, მოდი, ბადეს კაკლის წვენი წავუსვათ, თევზს დაეძინება და დავიჭერთო. მართლაც ასე მოიქცნენ. სამივე ქალმა სათითაო თევზი დაიჭირა. ამოიყვანეს თუ არა ხმელეთზე, თევზები მაშინვე ფლეიტებად იქცნენ.

სწორედ ამიტომაა, რომ მამაკაცებს ყველა სახლში სამი საკრავი აქვთ.

ქალებმა ფლეიტები ტყეში დამალეს, რომ ვერავის ეპოვა. ყოველდღე მიდიოდნენ ტყეში და ჩუმ–ჩუმად უკრავდნენ. ისე მოეწონათ ფლეიტაზე დაკვრა, რომ მთელ დღეებს ტყეში ატარებდნენ. ქმრებიც მიატოვეს და სახლ–კარიც. ქმრებმა ეჭვი აიღეს.

ერთ დღეს იანიონბორის ძმა მარიმარებო ქალებს ჩუმად გაჰყვა ტყეში და გაიგო მათი საიდუმლო, თუმცა, ფლეიტა ვერ დაინახა. მარიმარებომ სხვა მამაკაცებს უამბო, რაც გაიგო. ამასობაში, ქალები დაბრუნდნენ და მამაკაცებმა ჰკითხეს, ტყეში მართლა გაქვთ ფლეიტები დამალულიო? ქალები გამოტყდნენ. მაშინ, მამაკაცებმა უთხრეს:

–        დაუკარით ფლეიტებზე, მაგრამ ტყეში არა, შინო.

ესენიც დაეთანხმნენ.

რახან ფლეიტები იმათ იშოვეს, ქალები მამაკაცების მბრძანებელნი გახდნენ. ახლა მამაკაცებს მოჰქონდათ ფიჩხი, წყალი და ბეიჟუსაც, ლავაშსაც ისინი აცხობდნენ. კაცებს მას შემდეგ აქვთ ბრტყელი ხელები. მამაკაცები ნადირობდნენ კიდეც, რაც მარიმარებოს აღაშფოთებდა იმიტომ, რომ კაცებს ფლეიტებისთვისაც უნდა მიეტანათ ხორცი. ქალები კი მხოლოდ ტკბილი მანიოკისგან ამზადებდნენ სასმელს. ერთხელ მარიმარებომ თქვა, ქალებს ფლეიტები წავართვათო, მაგრამ სხვა მამაკაცები შეშინდნენ.

ქალებმა იმ დღეს, როცა ფლეიტები სოფელში უნდა მიეტანათ, მამაკაცებს უბრძანეს, სანადიროდ წადითო, თვითონ კი ტკბილი მანიოკისაგან ნაყენის დამზადებას შეუდგნენ. მამაკაცები ნადირობიდან რომ დაბრუნდნენ, მთელი სოფლის ქალები ფლეიტების მოსატანად იყვნენ წასულები. მათმა წინამძღოლმა იანიონბორიმ სოფელში ერთი ქალი გამოგზავნა და მამაკაცებს შემოუთვალა, ქოხებში დაიმალეთო. მამაკაცები დამორჩილებას არ აპირებდნენ. ქალებს კაცების სახლში დარჩენა უნდოდათ. მაშინ იანიონბორი მოვიდა, რომ ყველანი ქოხებში შეერეკა. მარიმარებომ დას უთხრა:

–        ქოხებში მხოლოდ ერთი ღამით შევალთ. ჩვენ ფლეიტები გვინდა და ხვალვე გამოგართმევთ. თუ არ მოგიციათ, სანადიროდ აღარ წავალთო.

იანიონბორი უნდა დათანხმებოდა, რადგან სხვანაირად ვერც ფლეიტებისთვის იშოვიდა ხორცს და ვერც ზეიმზე მოწვეული სტუმრებისთვის.

მამაკაცები ქოხებში შევიდნენ, ქალებმა კი სოფლის ირგვლივ სვლა მოაწყვეს, თან ფლეიტებს უკრავდნენ. შემდეგ შევიდნენ კაცების სახლში და იქ დააწყვეს ფლეიტები. მერე სათითაოდ გაიკრიფნენ თავიანთ ქოხებში და კაცები აიძულეს, მოსიყვარულებოდნენ. მამაკაცებს უარის თქმა არ შეეძლოთ, როგორც ახლა ქალებს არ შეუძლიათ მამაკაცის სურვილზე უარის თქმა. ასე გავიდა ღამე.

მეორე დღეს მამაკაცებმა წაართვეს ფლეიტები ქალებს და თავიანთ ქოხებში გარეკეს. ქალები მწარედ დასტიროდნენ თავიანთ დანაკარგს. კაცები კი – ქალებს ფლეიტებს რომ ართმევდნენ, მღეროდნენ. ამ სიმღერაში გამოსჭვიოდა სირცხვილი, მამაკაცებმა ქალების ბატონობით რომ განიცადეს.

ეს საოცარი ლეგენდა მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების სერიაში აღმოვაჩინეთ. ინდიელთა ზღაპარია. ყოველთვის ვაკვირდები მოტივებს, რაც საერთოა ყველა ხალხთათვის, მაგალითად, სიკეთე რომ ბოროტებაზე იმარჯვებს, ადამიანი რომ მოგზაურობის შემდეგ საწყისს უბრუნდება და სხვა. საინტერესოა განსხვავებებიც, მაგალითად ზოგ მითოსში მზე ქალია, ზოგან – მამაკაცური საწყისი. ამ ზღაპრის თემა კი მართლაც უჩვეულოა და გამორჩეული სხვა ხალხთა და თავად ინდიელთა ზღაპრებიდანაც. ეს არის ლეგენდა, თუ როგორ ფლობდნენ ქალები მუსიკას და როგორ წაართვეს მათ ეს საქმე მამაკაცებმა.

ყური ვათხოვოთ არღუნს, ალაზანს, იორს, რომლებიც მთის  ქალების გამოუთქმელ კაეშანს და მზისქვეშეთისთვის გაუმხელელ ჰანგებს ჩამოატარებს. იმ ქალებისა, რომლებმაც ჯერ კიდევ ყოფიერებაში შეაღეს მარადიულობის კარი.

მუსიკის აკადემიური და თეორიული ცოდნა  შეიძლება არც მქონდეს,  მაგრამ ძნელად დასაჯერებელია, გულში არ გაიაროს  ამ გამღერებამ, რომელიც ცხოვრებისეულ ავკარგიანობას, ბავშვურ აღტაცებას, წრფელ სურვილსა და იმედებს მაზიარებს.

ან ეს მონათხრობი – იავნანას სიტყვებით გადმოცემული, რომელსაც დედა თავის პატარა გოგონას – „ქალას“ უამბობს და, თითქოს, იავნანას კი არ მღერის, დაიტირებს განწირული ხვედრის გამო, ან იქნებ, დარდსა და სატკივარს სხვადასხვა ფერებად ართავს ამ მელოდიაში და მისი ხმის უწვდენელი გუმბათები ამა ქვეყნის ფილოსოფოსთა და განდეგილ მამათა ნააზრევსაც კი ჩრდილავს. სწორედ ეს არის მისი ხმისთვის ჩვეული, უკიდეგანო სიღრმე და როცა მის სიმღერებს ასრულებენ, ეს ვრცეულობა ქრება, როგორც ლოცვა იკარგება მოოქროვილ გუმბათებში.

მძიმეა მთაში ქალის ტვირთი. მათი დაღარული და გრძელი ხელის კიდურები დიდი ხანია, გადაეჩვია წმინდა ფლეიტის დახვეწილი მელოდიების ჩამოქნას. ძალიან გვინდა, ამ ზაფხულს აღმოსავლეთის მთიანეთის სოფლებში ჩამოვიაროთ და მათი უთქმელი დარდები და იმედები ერთ პატარა წიგნად შევკრათ.

განტვირთვის პრაგმატიზმი

მე და ზეზვა დღის განმავლობაში დაკავებულები ვართ, ამიტომ, ვცდილობთ, საღამოები ერთმანეთს დავუთმოთ. დრო სასიამოვნოდ და მრავალფეროვნად დავტვირთოთ. რა თქმა უნდა, არაფერია იმაზე კარგი დღის ბოლოს, ვიდრე შინაარსიანად განტვირთვა. ცხადია, ამაში არც სნობურად ღვინის წრუპვას ვგულისხმობ, არც ჩაის სმასა და ხელოვნებაზე საუბარს. ჩვენ არ გვიტაცებს ბურჟუაზიული გასართობები, სადაც შეკრებილი საზოგადოება საკვანძო გზავნილების მარჯვე მოშველიებით მუდამ ამოწმებს საკუთარ გემოვნებას, ინტელექტს, წიგნიერებას, ეტიკეტისადმი ერთგულებას და სხვ. ეს ყველაფერი კი განმეორებად და ერთგვაროვან რიტუალს ემსგავსება , ბუნუელის ერთი ფილმივით. The-Discreet-Charm-of-The-Bourgeoisie-1972_210912132149139

ასეთ გარემოებებში ნოდარ დუმბაძის ერთი პატარა მხიარული ტექსტი მაგონდება ხოლმე – „ზუსტად 8 საათზე“. ამ მოთხრობაში ქართველი ახალგაზრდები ძალიან ცდილობენ, „ევროპულად გაატარონ დრო“ პრობლემა არ ახალია, ძველია – მე–19 საუკუნეშიც ასე იდგა საკითხი – ევროპიულ წესით კადრილების და მაზურკის ცეკვა, თუ აღმოსავლური ზურნა და პოეტობა! ატლას–ბაბთა და შლიაპა–ტურნური, თუ ჩოხა, ყალმუხი, ხალიჩა და ქოში. როგორც ჩანს, საქართველოში ხასიათი და თვითიდენტიფიკაცია ჯერ კიდევ ვერ მორიგებულან ერთმანეთში. სწორედ, თავნება შვილივით, რომელიც მთელი კატეგორიულობით და ბავშვური ზნისთვის დამახასიათებელი დაჟინებით ითხოვს, ზრდასრულად აღიარონ.

მოთხრობას დავუბრუნდეთ, სადაც სიუჟეტი ასე ვითარდება – ჩაის მოყვარული ახალგაზრდები ბოლოს ისევ დაწუნებულ „კეკელა და მაროს“ და პურღვინოს დაეწაფებიან, თავიდან, ცხადია, დიდი მოზომვით და სიფრთხილით (ემანდ, ვინმემ „აზიატი“ და რამე!). ისე ლხენა მოგვეცეს თქვენ და ჩვენ, როგორც ეს სიტუაცია დღევანდელობას წააგავდეს – ავიღოთ ერთი, თუნდაც, ხუთშაბათი (სტილი – ი.ჭ.) დღე, როცა ერი ხმას გულისა – აღმოაჩენს. ეს ხმა კი დაახლოებით, ასე ისმის

„ქართველებმა განსაკუთრებული სიყვარული ვიცით“ – ამბობენ ხშირად. განსაკუთრებით ამას ამბობენ სუფრაზე, თუმცა ეს სიყვარული ხშირად იმ მეფე–პატარძლის სიყვარულს ემსგავსება, დილით რომ გამოიღვიძებენ და აღმოაჩენენ, რომ დღესასწაული დამთავრდა, რაღაცნაირი სიცარიელის და გამოფიტვის გრძნობა დაჰყვება ყველა დღესასწაულს – სანაპიროზე რომ იწყება ერთმანეთის ჩაკოცნით და სად სრულდება? ალბათ, სრულდება იქ, როცა ფხიზელნი ერთმანეთს ვერ ცნობენ. ერთ სადაგ დღეს თბილისის რომელიმე სანაპიროზე რომ დაიაროთ საგანგებოდ იმის გასარკვევად, როგორ ერთობიან დედაქალაქის ახალგაზრდები თუ ჭარმაგნი, ადვილად აღმოაჩენთ, რომ სამუშაო დღის ბოლოს თბილისის რესტორნებში ხალხის ტევა არაა. აქ დადიან:

1.       და უკვე საკუთარი ადგილები მონიშნული აქვთ ხაშხინკალმოყვარულ კოხტაღიპუციან მამრებს,

2.      აქვე ეწყობა სამსახურეობრივი ქეიფები, საიდანაც შველივით გამომხტარი, რაღაცით გათანგული და ცოტათი რაღცეებამომხტარი ქალები როკავენ და რატომღაც ისევ ქალებს იწვევენ ცეკვაში,

3.      აქვე თუხთუხებენ ძალიან ახალგაზრდული ახალგაზრდები ჰალსტუხ–კოსტუმებით ან უმაგისოდ,

4.      და, ასე განსაჯეთ, რომანტიკულ დღესასწაულებს აღნიშნავენ მიჯნურები, რაც მეტად უცნაურად მეჩვენება. რამდენჯერ გავმხდარვართ ასეთი სანახაობის მომსწრენი – ძალიან ჩაფერფლილი ახალგაზრდა  მამაკაცი და ქალი სანთლის შუქზე მიირთმევენ ხინკალს. არ ვიცი, იმ ხინკლის ცომის, თუ ქალის სინაზით რეტდასხმული ყმაწვილი თავს ჩახრის და დაბნეულობისგან კუჭებს თეფშის ერთ კუთხეში მოუყრის თავს. ამ დროს მთავარია, ხინკალმა არ უმტყუვნოს, თორემ რესტორანი კვახად გადაიქცევა და დღესასწაულიც დამთავრდება.

რესტორანი ჩვენი ქალაქის ყოველდღიური რიტუალური გმინვაა. დღესასწაულებს ჩვენ რესტორნებში აღვნიშნავთ. რესტორანი ის გარემოა, სადაც ჩვენ ვქორწინდებით და სულის მოსახსენებელს გვიხდიან. ქორწილის და ქელეხის სუფრა ჩვენში რაღაცით მართლაც, დაემსგავსა ერთმანეთს. ხშირად მქონია განცდა, რომ ახლადდაქორწინებულის მშობელს ისეთი სევდა შემოაწვება, თითქოს, შვილს შავი მიწისთვის იმეტებდეს და არა ახალი სიხარულისთვის, ახალი ცხოვრებისთვის. თითქოს, კი არ უხაროდეთ შვილის ბედნიერება, კი არ ზეიმობდნენ, არამედ დასტიროდნენ. ზოგიერთ რესტორანში განსაკუთრებით მიმძაფრდება ეს შიში მაშინ, როცა ზუსტად ისეთი ხორკლიანი თეფშები და კბილებმონგრეული ჩანგლები გამოაქვთ, როგორიც ჭირის სუფრებზე. 

ამ საღამოს მე და მზია შეპირებისამებრ, დავუყევით სანაპიროს. რესტორნებში ზღვა ხალხი მოაწყდა, ემატებიან და ემატებიან. ღმერთმა ჯამაგირი არ მოაკლოთ!.. ჩვენ კი ამ საღამოს ქუჩებში ხეტიალს ვგეგმავთ. გვიყვარს თბილისში ხეტიალი, შოთა ჩანტლაძის ლექსების ხმამაღლა კითხვა და უსახლკარო, მიგდებული ცხოველების და ადამიანების შეფარება ჩვენი Canon–ის ოდნავ ძველი მოდელის ფოტოაპატარში.

ცუდი რა არის იმაში, რომ ადამიანი ისე ატარებდეს თავისუფალ დროს, როგორც სიამოვნებს და არა დადგენილი სტანდარტების მიხედვით. გემოვნებაზე უკვე კი აღარ დავობენ, არამედ გემოვნება დღეს უკიდურესად სოციალურად ან ფსიქოლოგიურად განპირობებულ ფაქტად მოიაზრება. მაგრამ მთავარია, მე, ზეზვამ ერთ დღეს, როცა სამსახურეობრივი რუტინით გამოთაყვანებული გამოვყოფ ცხვირს თბილისის უჟანგბადო ქუჩაში, საკუთარ თავს დავეკითხო – რამდენად მარგებს ეს უჟანგბადო სივრცე, გამამდიდრებს ეს არაეკოლოგიური ინფორმაციული გარემო დღის ბოლოს, როცა ყველა საყოფაცხოვრებო ნარჩენი არა ჩემს თავში, არამედ ქალაქის ნაგავსაყრელში უნდა შეგროვდეს? შემმატებს ეს ურთიერთობა ძალას, იმედს, უკეთესად განვეწყო ადამიანებისადმი, თუ ფრუსტრაციის ჭაობში მიმიჩენს ადგილს? მარგებს ეს გამაყრუებელი ხმაური (იქნებ, სმენა დამიქვეითდეს, ღმერთმა დასწყევლოს ალეგორიები!), ანდა, სართულებად აზვინული კერძები?  ამ გობიდან უნდა ვიკვებო? 

მზიამ კალმით თმები შეიბნია (რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი პოსტის იდეა დაიბადა):

–  ახლა ჟურნალისთვის ერთ სტატიას დავწერ, მერე იქნებ, შენმა მოსწავლემაც მოიტანოს.

ახალ ფოტოაპარატსაც გამოვკრავთ ხელს! 

_DSC4506.JPG

ერთი მყუდრო ღვინის ბარის შესახებ

Tags

, , , ,

wine-sparklesერთ სუსხიან საღამოს, როცა მე და ზეზვამ გადავაგორეთ ახალი წლის ხალისიანი და ზოგიც, უხალისო ნადიმები, გადავწყვიტეთ, გვეპოვა თბილისში ადგილი, სადაც დავსხდებოდით და, უბრალოდ, გავესაუბრებოდით ერთმანეთს. ეს განცდა არ არის უცხო ჩემი მეგობრებისთვისაც. ბევრს დაუჩივლია, რომ გული შეუღონა ორმოცდაათკაციანი სუფრების გაშლა–აკეცვამ, ერთფეროვანი, ან უფერული სადღეგრძელოების წარმოთქმამ, ან მკვეთრად ფერადოვანი პოეტური ტექსტების და ასეთივე ყალბად დადუღებული ღვინოების ამოფრქვევამ.  ჩვენ შევეცადეთ, ახალი წელი მხიარული ყოფილიყო – ბევრ ახალ კერძს და ღვინოს მოვუსინჯეთ ხასიათი და გავუსინჯეთ გემო. მაგრამ როცა შეყვარებული ხარ, არაფერი სჯობს, სადმე მყუდრო ადგილას შეიტყუო შენი ცოლი და საამო სიტყვები უჩურჩულო, გული მოუთბო იმიტომ, რომ ქალებს მყუდროება და წესრიგი ყველაფერს ურჩევნიათ, ცნობილი ამბავია.

ასე მივადექით ტაბიძის 15–ს, იქ, სადაც მთავრდება ამ ქუჩის სნობური მძვინვარება და  IMG_0333დაიწყება თბილისური გაყუჩება, აზრიანი და ხასიათიანი მოგონებებით და საინტერესო  საუბრებით. ეს არის ღვინის ბარი ღvino Underground. ზეზვა აქ ბევრჯერ  იყო ნამყოფი და მიყვებოდა საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ. აქ მხოლოდ ნატურალური ღვინოებია – ქართული და ფრანგული. ანდერგრაუნდი ანდერგრაუნდია თავისი ძველებური ინტერიერით, აგურებიანი კედლებითა და ხის მარტივი სკამ–მაგიდებით. სიმარტივე შორს დგას იმ ელიტური სისადავისგან, რომელიც სოციალურად ემიჯნება ფერადოვნებას და სიცოცხლით ტკბობას. სისადავე აქ ფუნქციურია –  არ გადატვირთოს თვალი სანახაობებით და ყური ხმებით, რათა  ღვინის მრავალფეროვნებას, მრავალხმიანობას გაესვას ხაზი.

მე მიყვარს თბილისური ანდერგრაუნდი, არა, როგორც სუბკულტურა, არამედ როგორც სიმბოლური მეხსიერება, რომელიც ხან მტკვრის ჩამცხრალი კალაპოტებიდან გვახსენებს საკუთარ არსებობას, ხან – მასშტაბური მშენებლობების დროს გამოიჩენს თავს მიწისქვეშიდან, როგორც უადგილო და უხერხული დოკუმენტი. მე თბილისის ანდერგრაუნდი ჩემებურად წარმომედგინა, როცა ჩემი მასწავლებელი, ბატონი რეზი თვარაძე გვიამბობდა თავის ახალგაზრდობაზე, პოეზიის თარგმნაზე, იდუმალ შეხვედრებსა და რეპრესირებულთა შვილებზე.  საინტერესო იყო 40–იანი წლების თბილისის და ბატონი რეზის მოგონებების არქეოლოგია. განსაკუთრებით თანამედროვე ახალგაზრდებისთვის, ვისთვისაც თანდათან უცხო ხდება საიდუმლოს მნიშვნელობა.

IMG_0309ამ ბარში ისეთი სიჩუმეა! თითქოს, ყველა თბილისური ბარ–რესტორნის ნანინატრი სიჩუმე აქ დაგროვდა. ყველა ჩქამი ისმის, გეგონება, აქ სივრცე იყოს და არა დრო. ისეთი სიჩუმეა, ცოლისთვის ქათინაურის თქმაც გაჭირდა, მაგრამ მაინც სიამოვნებით ვსხედვართ და ქართული  ღვინის მოლოდინში  ერთმანეთის ხასიათების რითმს ვსინჯავთ, ყოველდღიურობაში ჩაკარგულ სულიერებას ვაცოცხლებთ.  ყველაზე კარგად ჩვენი თვალები, ფოტოებზე გამოსახული ადამიანების თვალები და ღვინის თვალები შეგვაგრძნობინებენ  სიცოცხლის ავკარგიანობას, ტკივილს და კათარზისს.

შემდეგ მოაქვთ დიდიმის კრახუნა. იმერული ღვინოა, ქვევრის. 2010 წლის მოსავლის. წინასწარი განწყობა ისეთია, რომ იმერული ღვინო ხასიათიანი და მხიარული  უნდა იყოს, მოლოდინიც არ გაგვიცრუვდა – მსუბუქია და ხალასი, ურთიერთობით თავს არ შეგაწყენს, დაბოლოება კი თაფლივით სასიამოვნო და  დასამახსოვრებელი აქვს. პირველი – თაფლის და სიტკბოების მდინარე გადავცურეთ. ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ, ისე – ერთ ღვინოში ვერ შეაბიჯებ უწინდებურად.

ამოცანა გავართულეთ. მივადექით მეორე – ხასიათიან და სხეულიან წარაფის რქაწითელს IMG_0318(ჩვენი ღვინო, 2011).  ეს მდინარე წინააღმდეგობებით აღსავსეა, პირდაპირი და უტეხი, რომელიც მოგვარდება და იპყრობს შენს ტკბილმჟავიანობის რეცეპტორებს, გემოვნების ყველაზე მიმალულ კუნჭულებს. დაფარულ საიდუმლოებებს ფარდას ხდის. ეს უკვე თრობის ტალღებია, რომელიც აშლის სითხეში ჩაღვრილ სხივიან მოგონებებს, სხვადასხვა ტონებად გარდაქმნილ შენს შეგრძნებებს.

IMG_0326

ბევრი შეიძლება წერო იმ იდუმალ ღამეზე, მიწისქვეშა ბარზე, სადაც ამდენი არომატი, ამდენი სული თანაარსებობს. ერთ საღამოს მასთან ერთად ისევ უნდა ვესტუმრო აქაურობას, რათა სიჩუმესა და ღვინოში ტკბობით მარადისობაში გავექცე ყოფიერებას.

IMG_0331